FC Torpedo Kutaisi 11.08.2018 - პირველი პუბლიკაცია | Página 9

კახა ჩხეტიანი: ჯერ დასრულებული არაფერია 9 აგვისტოს, ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისში, მიხეილ მესხზე “ტორპედომ” ალბანურ “კუკესს” 5:2 მოუგო. მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, თუმცა სანამ უშუალოდ კითხვებზე გადავიდოდა, მატჩი შეაფასა. - გავიმარჯვეთ და კარგი ანგარიშითაც, თუმცა შეგვეძლო კიდევ გატანა... ბოლოსკენ მეტოქემ კბილები გამოაჩინა და ნათლად დაგვანახა, რომ სტუმრად იოლი შეხვედრა არ გველის. ვალდებულები ვართ, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და საამისოდ ყველაფერს ვიზამთ. მადლობას ვუხდი მთელ საქართველოს მხარდაჭერისთვის! - “კუკესის” თამაშებს მანამდეც ნახავდით. გვაინტერესებს, დღეს რა ნახეთ განსხვავებული მათ თამაშში? - წინა შეხვედრებში ნაკლებად უტევდნენ... ეს ალბათ ჩვენი ბრალია, რადგან ბოლოსკენ სივრცეები გავუხსენით და მივეცით შეტევის უფლება. კონცენტრაცია დავკარგეთ, რაც მომდევნო მატჩებში აუცილებლად გამოსასწორებელია. - თბილისური ჰავა მოგიხდათ... აქეთ ხო არ გადმოხვიდოდით? - სად აქეთ?! ჩვენ ჩვენი ქალაქი გვაქვს. ქუთაისში ჩვენი ქალაქის ღირსებისთვის ვთამაშობთ, თბილისში კი - ჩვენი სამშობლოს! - წინ რთული შეხვედრა გელით. როგორ შეაფასებდით შანსებს? - ჯერ დასრულებული არაფერია! ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს, რაც ჩვენს შემდეგ ეტაპზე გასვლას გულისხმობს და მჯერა, ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ. მათ კარგად იციან, რომ თუკი წარმატების მიღწევა სურთ, საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. საქმისადმი არასერიოზული მიდგომა ყოველთვის დამღუპველია!