ინტერვიუ ლაზარ მარინთან
მარინთან ინტერვიუ ჩავწერეთ. პირველ რიგში კი სწორედ სადებიუტო გოლზე ვკითხეთ.
- ძალიან მიხარია, რომ სადებიუტო გოლი ევროპალიგის მატჩში გავიტანე და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. ვეცდები, ეს მომავალ მატჩებშიც გავაკეთო.
- რას გვეტყვი ახალი გუნდის შესახებ, როგორ დაგხვდნენ?- არამარტო გუნდმა, არამედ ფანებმაც ძალიან კარგად მიმიღეს, მსგავსი ურთიერთდამოკიდებულება კი ყოველთვის გეხმარება იყო უკეთესი.
რთულია, ჩახვიდე სხვა ქვეყანაში და იქ ითამაშო, თანაც როცა ადგილობრივი ენა არ იცი... სულ ფიქრობ, როგორ მიგიღებენ.
ამ მხრივ გამიმართლა, რადგან გუნდში ძალიან კარგი გარემოა, ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა რამდენიმე ენა იციან, შესაბამისად კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ფანებიც შესანიშნავი გვყავს. მადლობა ასეთი მიღებისთვის...
- ვიცით, რომ ცდილობ ქართული ენა ისწავლო. რთულია?
- კი, მიჭირს, რადგან ქართული ენა არც ინგლისურს ჰგავს და არც- ბულგარულს( იცინის). მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ძალიან ლამაზი ენაა...
ჯერ ბევრი ვერაფერი ვისწავლე, მაგრამ პროგრესი მაქვს. თვლა ვიცი, ასევე“ გამარჯობა”,“ როგორ ხარ”,“ კარგად”,“ მოდი”,“ ცივა”,“ ძალიან ცხელა”... ნელნელა უფრო ბევრს ვისწავლი.
- წინ ურთულესი შეხვედრაა ალბანეთში...- უნდა დავივიწყოთ პირველ მატჩში დაფიქსირებული ანგარიში და მოედანზე ისე გავიდეთ, თითქოს 0:0-ია. მეტოქის დაუფასებლობა კარგს არაფერს მოგვიტანს, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება... ამიტომ, იქაც მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ალბანეთიდან ევროპალიგის პლეი-ოფის საგზურით დავბრუნდებით.